ორცხობილის ხრამუნით წასაკითხი პოსტი

donald_bissetერთი არაჩვეულებრივი ქვეყანა ვიცი. იქ ვეფხვის ბოკვერი ცხოვრობს, რომელსაც ძალიან უყვარს ტკბილეული, ისე უყვარს, ისე უყვარს, რომ, როდესაც დედა ვეფხვი ნამცხვარს აცხობს, სამზარეულოდან გარეთ ვერ გააგდებ – არც ეზოში თამაში უნდა, არც სკაიპი და ფეისბუქი ახსოვს – სულ ქურასთან ტრიალებს… ჰოდა, ერთხელაც იმდენი ქნა, ისე ამოიგანგლა ფქვილში, რომ ზოლები დაკარგა… კიდევ მეორე ვეფხვი ვიცი ღრრრ, რომელსაც მავნეებმა არ გაბედომ, გრცხვენოდეს და ნუ იზამმა ეს “ღრრრ” მოპარეს… მესამე ვეფხვიც მეგულება, რომელსაც ხალიჩის ქვეშ უყვარს დამალვა… დრაკონ კომოდოსაც ვხედავ ხოლმე, რომელიც ცეცხლს აფრქვევს, მაგრამ არ მეშინია – ამას იმად ხომ არ აკეთებს, რომ ბოროტი და ავია, უბრალოდ, ქალაქის განათების სამსახურში მუშაობს და ქუჩის ფარნებს ანთებს… კომოდოს განათებულ ქალაქში დასეირნობს ბატონი კეპი, რომელიც იმდენად ზრდილობიანია, რომ სამი შლაპა ახურავს და რომ დამინახავს, სამივეს მოიხდის ხოლმე მისალმების ნიშნად… ერთ შლაპას – მარჯვენა ხელით, მეორეს – მარცხენათი და მესამეს კი კინკრიხოდან კატა მიაუ წამოუწევს… ამ ქალაქში ერთი ყვითელი ავტობუსიც დადის, სიბნელეს რომ უფრთხის, თუმცა – სულ ტყუილად – სადაც წესრიგს პოლისმენი არტური და მისი ცხენი ჰარი იცავენ, აბა რისი უნდა გეშინოდეს? ეს ყველაზე მხიარული წყვილია მსოფლიოში – ჰარი შუშების დაორთქლვაშია დაოსტატებული, არტური კი დაორთქლილ შუშებზე მხიარულ სიფათებს ხატავს თითით… ქურდბაცაცებს კი, აბა ქურდბაცაცობისთვის სადა სცალიათ, დასდევენ უკან და მუცელი ხელით უჭირავთ, სიცილისგან რომ არ გაუსკდეთ… კიდევ ერთ მარტორქას ვიცნობ, სახელად სემს… ოოოო, რა მსუნაგი ვინმეა – ძილის წინ ნაზუქებითა და შოკოლადიანი ნამცხვრებით უყვარს გამოძღომა… ასე მეუბნება – სტრესის გამოო, მაგრამ… რა ვიცი, რა ვიცი… მათ რომ ვესტუმრო, ერთ მოუსვენარ სადგურზე უნდა ჩამოვიდე, მაგრამ, მიდი და მოახერხე, როდესაც ამ სადგურს ადგილზე დგომა არ უყვარს და მატარებლებს დასდევს კუდში… თან, ადგილზეც რომ დაგხვდეს, დაინახავ განა? – ყველაფერი ხომ ბურუსშია გახვეული… ეს  ცნობისმოყვარე ბურუსია, რომელსაც ძალიან უნდა აღლუმზე დასწრება… კიდევ ერთი სპილო ვიცი, რომელიც პარლამენტის სხდომებს ესწრება ხოლმე. როცაკი პრემიერ-მინისტრი ტრიბუნაზე ავა, სპილო bisset-bookვანილიანი ორცხობილის ტომარას თავს მოხდის და ახრამუნებს და ახრამუნებს… მოგისმენიათ, როგორ ახრამუნებს სპილო ორცხობილას? ერთ რამედა ღირს! ჩვენს პარლამენტშიც არ გვაწყენდა ერთი ეგეთი, მაგრამ ჯერ ვერ დავითანხმე და არ მომყვება…

ეს ყველა და ბევრი სხვა მხიარული ამბავი ინგლისელმა დონალდ ბისეთმა (Donald Bisset) მოიგონა. სამშობლოში მას უფრო რეჟისორად და მსახიობად იცნობენ, დღეს კი, მგონი, სულაც მივიწყებულია, მაგრამ ჩემთვის ის არაჩვეულებრივი მწერალია, მისი “ყველაფერი ყირამალა” კი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რაც კი ბავშვს შეიძლება, შეურჩიო, მანამ, სანამ ის ბორის ვიანის “მოვედი, რათა თქვენს საფლავებზე დავაფურთხო”-ს სტაცებდეს ხელს.

დონალდ ბისეთის ყირამალა ზღაპრები (რუსულად)

Donald Bisset

P.S.

დღეს 18 იანვარია, ნახერხით თავგამოტენილი, მაგრამ მაინც ყველაზე გენიალური დათუნიას დღე, მაგრამ მასზე ორი პოსტი მაქვს დაწერილი… თან ნამდვილად ვიცი, რომ ვეფხვ რრრ-სა და სხვათა ზღაპრები მასაც უყვარს.

Advertisements

31 thoughts on “ორცხობილის ხრამუნით წასაკითხი პოსტი

    • მე კიდევ კითხვა,რომ დავიწყე ავტორს არ დავაკვირდი და გამიკვირდა თაიასაც ჰქონია ბავსვობა-მეთქი,კარგი გაგებით რა თქმა უნდა. 🙂

  1. “ყველაფერი ყირამალა” ქართულად დიდი ხნის წინ ითარგმნა, მართალია – რუსულიდან, სამაგიეროდ რევაზ ინანიშვილმა თარგმნა. ასე რომ მთლიანობაში კარგია. 🙂
    ახალი გამოცემებიც არის (ძველი ინანიშვილისეული თარგმანით), თუ დაგუგლავთ – ამოყრის გუგლი. 🙂

    შეიძლება ახალი თარგმანიც შესრულდა, მაგრამ მე ვერ ვნახე.

  2. აუუუ, ეს ბავშვობაში არ წამიკითხავს… ესაა საქმე? 😦 😦
    მაგის მაგიერ ჯანი როდარითა და “როდის მოვა დორათი” მქონდა გამოტენილი თავი 😦

  3. ძალიან ადრეული სიყრმიდან მახსოვს ეს წიგნი, ბებია მიკითხავდა ხოლმე 🙂 და მომწონდა.

  4. ბისეთის ყირამალა ზღაპრები უფ ❤ ❤
    ძალიან მიყვარს, ახლა ჩემს ძმას ვუკითხავ ხოლმე :დ
    სასაცილო სახეებს რომ ხატავდნენ ავტობუსის უკანა მინაზე ❤
    და ზოლები რომ დაკარგა ის ვეფხვი ))
    უფ ❤
    და მურაბიან რელსებზე რომ მატარებელი დაეწება ^_^
    მართლა ძალიან საყვარელი წიგნია
    ლორდ ❤

  5. ეს წიგნი ბოლოს ორიოდე წლის წინ გადავიკითხე და მგონი, უფრო მეტი სიამოვნება მივიღე, ვიდრე ბავშვობაში. თაია, ბორის ვიანთან დაკავშირებული შენიშვნა გაიგონე? :დდდდდდდდ

  6. ნუ, ლორდმა იცის, რა პოზიციაც მაქვს ბისეტთან დაკავშირებით…
    ისე, რომელიღაც კლასის პროგრამაში შეიტანეს მგონი ბისეტის “შშშშშშშშშშშ!” და ჩემი მეგობარი ანუ ბავშვის დედა აღშფოთებული იყო, რა უაზრობაა ესო :):)

  7. შესანიშნავი პოსტია ეს წიგნი წაკიტხული მაქვს ნამდვილი ხელოვნების შედევრია 🙂

მითხარი რამე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s